ლაბორატორიულ გამოკვლევებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე მედიცინაში. სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად, მათი შედეგები ეხმარება ექიმს დაავადების აღმოჩენასა და სიმწვავის განსაზღვრაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, დაავადების განვითარების რისკების შეფასებასა და მათ პრევენციაში. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანალიზების ხარისხიანად შესრულებასა და ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია მისი შესრულების სისწრაფეც.
რა ტიპის გამოკვლევები არსებობს ლაბორატორიულ მედიცინაში დღეს?
ლაბორატორიული გამოკვლევების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, თუმცა შეგვიძლია მათი ზოგადი ჯგუფები ჩამოვთვალოთ. ესენია:
● კლინიკო-ბიოქიმიური;
● ჰემატოლოგიური;
● ჰემოსტაზი,
● სეროლოგიური;
● იმუნოლოგიური;
● ენდოკრინოლოგიური;
● ონკოლოგიური.
გაამარტივა თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება?
რა საკვირველია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი რამ, რაც უწინ ხელით სრულდებოდა ავტომატიზებული გახადა. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ანალიზების ჩატარების დროს. ახალმა აღჭურვილობამ და საშუალებებმა გააუმჯობესეს გამოკვლევების ხარისხიც, მათი დახმარებით მაქსიმალურად ზუსტ და სრულფასოვან პასუხს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, ხოზრევანიძის კლინიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი მუდმივი გაუმჯობესებაა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება გამოკვლევის შედეგი ორ წუთში გვქონდეს, მაგრამ ის მოითხოვს გაანალიზებას, სწორად ინტერპრეტირებას. ზოგჯერ მისი განმეორებით ჩატარებაც ხდება საჭირო, რათა სრულფასოვანი პასუხი მივიღოთ. მართალია, სისწრაფე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ არა ხარისხის ხარჯზე. სწრაფად და ხარისხიანად — ამ პოსტულატს ეფუძნება ლაბორატორიული მედიცინა, რაც ორივე კომპონენტის თანაბარ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლს?
ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი ანალიზების ჩასატარებლად. ხოზრევანიძის კლინიკის ლაბორატორიაში მოქმედებს ხარისხის შიდა კონტროლი, რაც აუცილებელი პროცედურაა ყოველდღიური მუშაობის დაწყებამდე. ამისთვის ვიყენებთ სპეციალურ ხსნარებს, რომლებსაც ამა თუ იმ კვლევის წინ ვათავსებთ ანალიზატორში. მიღებული მაჩვენებლების საფუძველზე ვრწმუნდებით აღჭურვილობის გამართულობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ნიმუშების ანალიზს. ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლისთვის კი, ხოზრევანიძის კლინიკაში დანერგილია საერთაშორისო სისტემა —EQAS Exsternal Quality Assurance Services (გერმანია).
ხათუნა ქურიძე - ლაბორატორიის ხელმძღვანელი