ფილტვების ანთება - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და პრევენცია
პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსი (მაგ: კორონავირუსი SARS Cov2, გრიპის ვირუსი და სხვ.), ბაქტერია (მაგ: პნევმოკოკი) ან სოკო.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ფილტვები შედგება ჰაერით სავსე პატარა ბუშტუკებისგან - ალვეოლებისგან. პნევმონიის დროს სწორედ ალვეოლებში გროვდება ანთებითი სითხე და ჩირქი, რაც შემდგომ ნახველის სახით გამოიყოფა.
ანთების გამომწვევი მიკრობი ალვეოლებამდე აღწევს ჰემატოგენური (სისხლის) ან ინჰალაციური (ჩასუნთქული ჰაერის) გზით. ზედა სასუნთქი გზებიდან ქვევით მოხვედრილი მიკრობები განაპირობებენ პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებას.
პნევმონიის სიმპტომებია:
• ხველა, ნახველით ან ნახველის გარეშე
• ცხელება
• სუნთქვის გაძნელება, ქოშინი
• ღამის ოფლიანობა
• ტკივილი გულმკერდის არეში
• ზოგადი საერთო სისუსტე
• ადვილად დაღლილობა
პნევმონია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. დაავადების ფორმაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს:
• სასუნთქი გზების ანთების გამომწვევი მიზეზი
• ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა მიკრობის შეჭრის მომენტში
• სხვადასხვა თანმხლები დაავადება
• პაციენტის ასაკი (5-წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ პირებში უფრო რთულ ფორმებში იჩენს თავს)
პნევმონიის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან:
• მწეველები
• ალკოჰოლზე დამოკიდებულები
• სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგ: ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვ.)
• იმუნოდეფიციტის მქონე პირები
• ორსულები
• შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები
• ჭარბ წონიანები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფილტვების ანთების(პნევმონიის) დიაგნოზის დასმა ხდება კომპლექსურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მკურნალი ექიმის მიერ გასინჯვის შემდეგ თუ ეჭვი იქნა მიტანილი პნევმონიის არსებობაზე, ტარდება სხვადასხვა კვლევა, რომელიც განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა პნევმონიის გართულებულ შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
• პნევმონიის პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინაციით. ასევე იმ შემთხვევაში, თუ ეწევით, სასურველია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება;
• აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერება, რისთვისაც საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი: რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება, მოწესრიგებული ძილი.
რა დროს მივმართოთ ექიმს?
პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს რადგან იგი არის სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები, როგორიცაა:
● ცხელება და ხველა ნახველით, რომელიც არ უმჯობესდება ან უარესდება
● გამოხატული ქოშინი ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობებისას (მაგ. სიარული)
● სუნთქვისას განვითარებული ტკივილი მკერდის არეში
● გაციების ან გრიპის შემდეგ მდომარეობის მოულოდნელი გაუარესება.
თერაპევტი - ჯამილა ფარტენაძე