გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. ადამიანს აავადებს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A ტიპის ვირუსი პანდემიური შტამია ანუ იწვევს მასობრივ ავადობას. ის 10-15 წელიწადში ერთხელ აქტიურდება მთელ მსოფლიოში. B ტიპის ვირუსი სეზონური გრიპის გამომწვევია. ის ყოველწლიურად ცირკულირებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სახელდახელო ცვლილება ახასიათებს და A გრიპთან შედარებით მძიმე დაავადებას არ იწვევს. შესაძლოა, ადამიანს ის ყოველ წელს შეხვდეს. C ვირუსით გამოწვეული დაავადება კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მას “ჩვეულებრივ გაციებას” ვეძახით. ამ ტიპის ვირუსი არც პანდემიებს იწვევს, არც ეპიდემიებს და არც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.
✅რას ნიშნავს გრიპის HN კლასიფიკაცია?
– H (ჰემაგლუტინინი) და N (ნეირამინიდაზა) გრიპის ვირუსის ცილებია, რომელთა მიხედვითაც ხდება შტამის სუბტიპირება. A ვირუსი სასუნთქი გზების სამიზნე უჯრედებზე ფიქსირდება H-ით, რომლის 16-მდე სუბტიპს ვიცნობთ, ხოლო N, რომლის ცხრამდე სუბტიპია ცნობილი, ხელს უწყობს უჯრედში სინთეზირებული ვირუსების გამოსვლას ახალი უჯრედების დასაზიანებლად. ამ ორი ცილის ყოველი ახალი კომბინაცია ვირუსის ახალ შტამს ქმნის.
✅გრიპის სიმპტომები
გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38-39 0 c, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება. სწორედ ეს სიმპტომები ახასიათებს H3N2-ს და B ტიპის ვირუსს.
როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი?
გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.
✅გრიპის გართულებები
გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია:
• პნევმონია (ფილტვების ანთება) – ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი;
• დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).
• ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
• თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
• ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
✅გრიპის გართულებების რისკ- ჯგუფები
გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
• ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ)..
✅გრიპს ახასიათებს ტალღობრივი მიმდინარეობაც, მაგალითად ხუთი დღის განმავლობაში არის მაღალი ცხელება, მე-6 ან მე-7 დღიდან მდგომარეობა უმჯობესდება და მერვე დღეს შეიძლება 1 ან 2 დღიანი ცხელებაც კი გამოვლინდეს. გამოჯანმრთელების დრო შეიძლება გახანგრძლივდეს 10-დან 14 დღემდე. ამიტომ აუცილებელია ბავშვი 2-3 კვირის განმავლობაში იყოს ბინის პირობებში, რადგან ამ პერიოდში ის ინფექციის წყაროა სხვა ბავშვებისთვი, გარდა ამისა, არახელსაყრელ გარემო პირობებში, მას შეიძლება განუვითარდეს ინფექციის ახალი ტალღა.
✅გრიპის მკურნალობა
არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია!
გრიპით დაავადებულთან კონტაქტის შემდგომ რამდენ ხანში შეიძლება სხვა ადამიანს დაემართოს დაავადება?
- გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.
რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
- უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.
რამდენად სწრაფად ხდება გამოჯანმრთელება გრიპის შემთხვევაში?
- გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).
✅გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 და 4 კომპონენტიანი , რომლებიც იცავენ ყველაზე გავრცელებული A და B ვირუსის შტამებისაგან.
✅ვის უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია?
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
• 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
• 65 წელს გადაცილებულები;
• ორსულები;
• ქრონიკულად დაავადებულნი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
• ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
• ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
• ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომვლელები.
✅როდის ჯობია ვაქცინაცია
იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.
რამდენად უსაფრთხოა გრიპის ვაქცინა?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ას მილიონ ადამიანზე მეტი იქნა აცრილი გართულებების გარეშე.
✅არის თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით?
გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს დაავადებას, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.
როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?
• გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია!
• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
• როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
• დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
• ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
✅იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
პედიატრი - მაია ხუხუნაიშვილი