დამატებითი კვება

2022-04-19

ახალშობილისთვის რეკომენდებულია ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში. თუმცა, ძუძუთი კვების პარალელურად 5 თვიდან ესაჭიროება დამატებითი კვება.

ჩვილისთვის დამატებითი საკვების მიცემა ნახევარი ჩაის კოვზით უნდა დაიწყოთ და ყურადღებით დააკვირდეთ მის რეაქციას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით წინა პროდუქტის წარმატებით შეთვისებიდან შვიდი დღის შემდეგ.

შესაძლებელია დამატებითი კვება დავიწყოთ როგორც ბოსტნეულით, ისე მარცვლოვნებით. მაგ:

5 თვე, პირველი დამატებითი კვება - ურძეო ფაფა, ბრინჯის, შვრიის ან ხორბლის; 5,5 თვე-ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო,ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი);

6 თვიდან - ორცხობილა. ასევე მონოკომპონენტების პიურე შეგიძლიათ ორი ინგრედიენტით შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ორგანიზმის რეაქციას და 100-150 გრამამდე გაზარდეთ ულუფა;

7 თვე - ხბოს, ქათმის ან ინდაურის ხორცი, მოხარშული ბოსტნეულით. თავდაპირველად ჩაის კოვზის მეოთხედი დაუმატეთ უკვე ნაცნობ კერძებში.

8 თვიდან შეგიძლიათ დაამატოთ ხილის წვენი 10 წვეთიდან - 5 ჩაის კოვზამდე (მსხალი, ვაშლი, ბანანი, ავოკადო, ქლიავი, ატამი, გარგარი);

9 თვიდან -კვერცხის გული (თავდაპირველად მისი მცირე რაოდენობა შეგიძლიათ ფაფაში ან ბოსტნეულის პიურეში დაუმატოთ). ასევე რძის პროდუქტები: იოგურტი,ხაჭო, მაწონი;

10 თვიდან - ნატურალური წვენები და თევზეული. უნდა გახსოვდეთ, რომ თევზი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ბავშვს ძალიან პატარა ნაჭერი გაასინჯეთ;

11 თვიდან შეგიძლიათ დაბლენდერებული ან გახეხილი უმი ხილი გაასინჯოთ;

12 თვიდან შეგიძლიათ ხაჭოში დაამატოთ სეზონური კენკრაც.

                                                                                                                                                                             პედიატრი - დალილა ცივაძე