გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

2022-03-23

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS)  საჭმლის მომნელებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის დისკინეზია, ანუ მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, რომელიც შესაძლოა 3 თვეზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ნერვული სისტემის მდგომარეობას და კვების ხასიათს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განისაზღვროს, დაკავშირებულია თუ არა მდგომარეობა კვებით მიზეზებთან, მაგ: კოფეინთან, ლაქტოზის ან ფრუქტოზის შემცველ საკვებთან.

მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, მათ შორისაა:

ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობა;
სტრესი;
ბალასტური ნივთიერების შემცირება (საკვებ პროდუქტში);
ჰიპოდინამია (უმოძრაობა);
ჭარბი წონა;
შაქრიანი დიაბეტი;
ნაწლავთა მწვავე ინფექცია (შიგელოზი);
დისბაქტერიოზი;
ფერმენტოპათია.

ნაწლავს ძალიან ძლიერი ნერვული სისტემა არეგულირებს - მას მესამე ტვინსაც უწოდებენ. ის ყოველთვის მუშაობს თავის ტვინისგან დამოუკიდებლად;

როცა ადამიანს არასტაბილური ნერვული სისტემა აქვს და მუდმივად სტრესშია, ორგანიზმის მთელი ძალ-ღონე იხარჯება ფსიქოლოგიურ დატვირთვაზე და ნაწლავის ენერგია გამოითხოვება ტვინისგან;

თუ ტვინზე ზეწოლა არ შემცირდება ნაწლავი იწყებს მუშაობას დათრგუნულ რეჟიმში. ქვეითდება ლორწოს რაოდენობა, თხელდება ნაწლავის კედელი, ამიტომაც გაღიზიანებული ნაწლავის დროს ადამიანს აღენიშნება ხან შეკრულობა, ხან ფაღარათი.

შედეგად ორგანიზმში გროვდება მოუნელებელი ცილები, ცხიმები, ნახშირწლები, ვიტამინები და მიკროელემენტები. ასეთ დროს ორგანიზმში ყველა სისტემა განიცდის შიმშილს. ამას ემატება მოუნელებელი საკვებისგან ლპობითი ნარჩენები, რაც იწვევს სიმძიმის შეგრძნებასა და მუცლის შებერილობას.

 ეს პრობლემა რომ გადავჭრათ, საჭიროა:

მოგვარდეს კვების რეჟიმი;
სტრესთან ბრძოლა;
ძილის რეჟიმის რეგულირება;
აუცილებელია სედატიური საშუალებების ჩართვა მკურნალობისას. ამ დროს ნერვული სისტემა მშვიდდება და ეხმარება ნაწლავს ნორმალური მუშაობის აღდგენაში;
რეგულარული ვარჯიში.

                                                                                                     მირანდა გაბაიძე - გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი