NCDC-ის კვლევის მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ყველა კბილი ბუნებრივი აქვს, ამასთან ქალებში უფრო ჭარბობს ისეთების რიცხვი, ვისაც საერთოდ არ აქვს ბუნებრივი კბილი.
სპეციალისტები ასეთ შედეგებს იმით ხსნიან, რომ კბილების მკურნალობა მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია. მათივე შეფასებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის პირის ღრუს ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.
ჯანმრთელი პირის ღრუს შესანარჩუნებლად ჰიგიენა აუცილებელია, რათა პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლება თავიდან ავიცილოთ. ბაქტერიები წარმოქმნიან კბილის ნადებს, რომელიც იწვევს კარიესს, გინგივიტს და მათ მრავალრიცხოვან გართულებებს
მხოლოდ სრულფასოვანი ყოველდღიური ჰიგიენით და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით შევძლებთ ნადების სრულ ელიმინაციას და ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნებას.
პროცედურების ერთობლიობა, რომელიც პირის ღრუს სრულყოფილ მოვლას გულისხმობს, ორი ნაწილისგან შედგება.
საპროფილაქტიკო ვიზიტისას ექიმი ათვალიერებს პირის ღრუს და აფასებს ჰიგიენურ მდგომარეობას.
ორალური კამერა ეკრანზე გადიდებულ გამოსახულებას იძლევა და პირის ღრუს ყველა უბნის დეტალური დათვალიერებაა შესაძლებელი.
კარიესების გამოსავლენად გამოიყენება რენტგენი. ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე რენტგენოგრამის გადაღება.
კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც პროფილაქტიკურ ვიზიტზე ტარდება, გულისხმობს ნადების და ქვების მოშორებას კბილების ზედაპირიდან და ღრძილქვეშა ზონიდან
ამისათვის ძირითადად გამოიყენება ულტრაბგერის აპარატი, მაგრამ პაროდონტის დაავადების დროს განვითარებული პათოლოგიური ჯიბეების გამო ხშირად გართულებულია ნადების მოშორება ღრძილქვეშ.
დამატებით გამოიყენება ხელის ინსტრუმენტები - კიურეტები ფესვის ზედაპირის გასაწმენდად.
ასევე Air-Flow-ს აპარატი, რომელიც სპეციალური ფხვნილის ჭავლით წმენდს კბილის ზედაპირს. გაწმენდის შემდეგ ექიმი კბილის ზედაპირებს ფტორის შემცველი პასტით აპრიალებს, რათა ზედაპირზე ახალი ნადების სწრაფ მიმაგრებას ხელი შეუშალოს.
ვიზიტის ბოლოს ექიმი პაციენტს აძლევს რეკომენდაციებს ინდივიდუალურ ჰიგიენასთან დაკავშირებით, ურჩევს ჰიგიენურ საშუალებებს და უნიშნავს შემდეგ ვიზიტს.
ნათია ვერძაძე-სტომატოლოგი