ქვემწვავე თირეოიდიტი COVID-19 ეპოქაში

2021-09-21

ქვემწვავე თირეოიდიტი Covid-19 ეპოქაში

 

ტემპერატურის მატება, ტკივილი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა, ხველა და სხვა ერთი შეხედვით რესპირატორული ინფექციისთვის დამახასითებელი სიმპტომები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სპეციფიური დაავადების - ქვემწვავე თირეოიდიტის გამომხატველი იყოს.

რა არის ქვემწვავე თირეოიდიტი?

ქვემწვავე თირეოიდიტი (დე კერვენის თირეოიდიტი, გრანულომატოზური, გიგანტუჯრედული თირეოიდიტი) არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციასთან. კლინიკური სურათი ინფექციური დაავადების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ყალიბდება. უფრო ხშირად ავადდებიან  ქალები, ვიდრე მამაკაცები.

რა იწვევს ქვემწვავე თირეოიდიტს?

ქვემწვავე თირეოიდიტის შესაძლო გამომწვევი აგენტებია ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, გრიპის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, წითურას ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, კოქსაკის ვირუსი და წითელას ვირუსი და  დღეს უკვე მათ რიგს შემოემატა SARS-CoV-2 (Covid-19 გამომწვევი).

ქვემწვავე თირეოიდიტი და Covid-19

ვლინდება ქვემწვავე თირეოიდიტის შემთხვევების ზრდა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების რიცხვის მატების პროპორციულად. ჩვეულებრივ, COVID-19– ით დაავადებულ პაციენტებს ქვემწვავე თირეოიდიტი უვითარდებათ  ნაწილობრივი გამოჯანმრთელების შემდეგ. ინტერვალი COVID-19 სიმპტომების დაწყებიდან ქვემწვავე თირეოიდიტის სიმპტომების დაწყებამდე არის 14 დღიდან 45 დღემდე. ასევე ქვემწვავე თირეოიდიტი შესაძლოა განვითარდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდის შედეგად.

  • ქვემწვავე თირეოიდიტის სიმპტომები შესაძლოა მიჩნეული იყოს  COVID-19– სიმპტომებად
  • უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა კოვიდის შემდგომი ჩივილები ასოცირებული იყოს პოსტკოვიდურ ქვემწვავე თირეოიდიტთან.

 

როგორ მიმდინარეობს დაავადება?

დაავადება გადის 4 სტადიას:

  • თირეოტოქსიკური
  • ეუთირეოიდული
  • ჰიპოთირეოიდული
  • გამოჯანმრთელების სტადია

რა სიმპტომები  და ნიშნები ახასიათებს ქვემწვავე თირეოიდიტს?

დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მატებით, შემცივნებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში, ხშირად გადაეცემა ყურებსა და  ქვედა ყბაზე. ზოგჯერ ტკივილი აღინიშნება ყლაპვისა და თავის მობრუნების დროსაც, ასევე დამახასიათებელია ხმის ჩახლეჩა. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.

ქვემწვავე თირეოიდიტის საწყის ფაზაში ავადმყოფთა უმრავლესობას ჰიპერთირეოზის სიმპტომები უვითარდება:

  • გულის ფრიალი
  • ჭარბი ოფლიანობა
  • გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა
  • ხელის თითების ტრემორი ( კანკალი)
  • წონის სწრაფი და უეცარი კლება
  • ფაღარათი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  •  

რომელ დაავადებებთან არის საჭირო დიფერენციალური დიაგნოსტიკა?

დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ხდება ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებებთან, როგორიცაა მწვავე თირეოიდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ბაქტერიული ანთება), გრეივსის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ასევე ფარინგიტი, ეზოფაგიტი, შუა ყურის ანთება, ღრძილისა და პაროდონტალური აბსცესი.

 

ქვემწვავე თირეოიდიტის  დიაგნოსტიკა

 

მაღალი ტემპერატურისა და ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში ტკივილის ფონზე აღინიშნება TSH დონის დაქვეითება,  ნორმალური ლეიკოციტალური ფორმულის ფონზე სისხლის საერთო ანალიზში ედს-ის მომატება, ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება ქვემწვავე თირეოიდიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, ხოლო სცინტიგრაფიაზე კი – რადიოფარმპრეპარატის დაქვეითებული ჩართვა.


ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობ


ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობის მიზანია: ტკივილის სინდრომის კუპირება, ტემპერატურისა და სისხლის საერთო ანალიზის ნორმალიზაცია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა. ქვემწვავე თირეოიდიტის მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება დაინიშნოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ხოლო საშუალო ან მძიმე ფორმების შემთხვევაში რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდებით თერაპია.

 

ქვემწვავე  თირეოიდიტის  პროგნოზი 


უმეტეს შემთხვევაში ქვემწვავე თირეოიდიტი მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.

 

                                               ენდოკრინოლოგი/მედიცინის დოქტორი - თამარ პეშკოვა