წინასაახალწლო რჩევები ნუტრიციოლოგისგან
ჯანსაღი კვება და ტრადიციული სუფრა —„ როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი“
ახალი წელი ახლოვდება — დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მრავალფეროვან სუფრასთან და გემრიელ კერძებთან ასოცირდება. თუმცა, ხშირად ეს პერიოდი ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, სერიოზულ გამოწვევად იქცევა.
იმისთვის, რომ სადღესასწაულო განწყობა კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა (შებერილობა, სიმძიმე, გულძმარვა) არ გაგიფუჭოთ და არ დაგჭირდეთ იანვრის თვეში მკაცრ დიეტაზე ყოფნა, გთავაზობთ 8 ოქროს წესს და რამდენიმე პროფესიულ რეკომენდაციას გასტროენტეროლოგისგან.
როგორ გავაჯანსაღოთ სადღესასწაულო სუფრა?
1. ჯანსაღი ალტერნატივა სოუსებს
ტრადიციული მაიონეზი კალორიებისა და არაჯანსაღი ცხიმების „ბომბია“.
- რჩევა: შეცვალეთ ცხიმიანი მაიონეზი 4%-იანი იოგურთით ან არაჟნით. გემოს გასამრავალფეროვნებლად დაუმატეთ სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი, მდოგვი ან ცოტაოდენი ნიორი. ეს საგრძნობლად შეამსუბუქებს კერძს.
2. ხარისხიანი ცილა
ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით მარილს, კონსერვანტებსა და ფარულ ცხიმებს შეიცავს, რაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს.
- რჩევა: სალათებში (მაგალითად, „ოლივიეში“) ძეხვეულის ნაცვლად გამოიყენეთ მოხარშული ქათმის ფილე ან საქონლის მჭლე ხორცი. ასევე, შესანიშნავი ალტერნატივაა თევზის კონსერვი საკუთარ წვენში (და არა ზეთში).
3. მომზადების ტექნოლოგია
შემწვარი საკვები ზრდის ქოლესტერინის დონეს და ტვირთავს პანკრეასს (კუჭქვეშა ჯირკვალს).
- რჩევა: უპირატესობა მიანიჭეთ ღუმელში გამომცხვარ ან გრილზე მომზადებულ კერძებს. ეს ინარჩუნებს პროდუქტის სასარგებლო თვისებებს და არ ამძიმებს კუჭს ზედმეტი ცხიმით.
კვების რეჟიმი და თანმიმდევრობა
4. სწორი სტარტი
ნუ დაიწყებთ ჭამას ხაჭაპურით ან მძიმე კერძებით.
- რჩევა: ტრაპეზი დაიწყეთ ბოსტნეულის სალათებით (უჯრედისი ამზადებს კუჭს და იწვევს დანაყრების შეგრძნებას), შემდეგ კი გადადით ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი). ეს დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის რეგულირებასა და ზედმეტი კალორიების მიღების თავიდან არიდებაში.
5. დესერტი — მსუბუქი ფინალი
კრემიანი ნამცხვრები მძიმე ვახშმის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ნამდვილი „შოკი“ შეიძლება აღმოჩნდეს.
- რჩევა: დესერტად გამოიყენეთ ხილი ან ხილის ასორტი. ის გაცილებით ნაკლებკალორიულია და შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც მონელებას უწყობს ხელს.
სასმელები და ჰიდრატაცია
6. უარი ტკბილ გაზიან სასმელებს
მზა პაკეტირებული წვენები და გაზიანი სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს („ცარიელ კალორიებს“) და იწვევს მეტეორიზმს (მუცლის შებერილობას).
- რჩევა: საუკეთესო არჩევანია სუფთა წყალი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაამატოთ ლიმონის, ლაიმის ან ფორთოხლის ნაჭრები არომატისთვის.
7. ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება
ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ზრდის მადას.
- რჩევა: თუ ალკოჰოლს იღებთ, არჩევანი შეაჩერეთ მშრალ ღვინოზე (1-2 ჭიქა) ან მცირე რაოდენობით ხარისხიან კონიაკზე. მოერიდეთ ტკბილ და გაზირებულ ალკოჰოლურ კოქტეილებს.
8. წყალი — თქვენი მთავარი დამხმარე
- რჩევა: მიიღეთ ბევრი წყალი კერძებსა და სადღეგრძელოებს შორის. ეს დაგეხმარებათ შიმშილის ცრუ შეგრძნების დაძლევაში, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და შეამცირებს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციას, რაც თავიდან აგაცილებთ მეორე დღის უსიამოვნო შეგრძნებებს (ნაბახუსევს).
დამატებითი პროფესიული რჩევები ექიმისგან:
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი დეტალი:
- ნუ იშიმშილებთ მთელი დღე: ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც 31 დეკემბერს მთელი დღე არაფერს ჭამთ, რათა ღამით „ადგილი გქონდეთ“. ეს იწვევს კუჭის გადატვირთვას და მწვავე დისკომფორტს. ისაუზმეთ და ისადილეთ მსუბუქად დღის განმავლობაში.
- იმოძრავეთ: ნუ გაატარებთ მთელ ღამეს სკამზე ჯდომით. იცეკვეთ, გაისეირნეთ, იაქტიურეთ — მოძრაობა აუმჯობესებს პერისტალტიკას და საკვების მონელებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ახალ წელს!