ზრდის ჰორმონი (HGH)

2024-07-08

       

         სომატოტროფული ჰორმონი– (ბერძ. Soma, soma[tos] სხეული + tropos მიმართულება; სინ.: სომატოტროპინი, ადამიანის ზრდის ჰორმონი (human growth hormone ) ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის  რეგულაციაში; ჰორმონის ანაბოლურ ზეგავლენას ახდენს ცილოვან ცვლაზე, ასტიმულირებს ჩონჩხისა და სხეულის ზომების ზრდას. სომატოტროპული ჰორმონი იწვევს ცილის სინთეზის გაზრდას ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მისი ზეგავლენით ძლიერდება დნმ – ისა და რნმ – ის სითეზი, მატულობს უჯრედთა საერთო რაოდენობა, იზრდება ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა. მისი ჭარბი სეკრეცია მოზრდილებში იწვევს აკრომეგალიის განვითარებას; ხოლო ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში – გიგანტიზმს. სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობა (და რიგი ტროპული ჰორმონებისა) იწვევს ზრდის, ჩონჩხის და სხვა ქსოვილებისა და ორგანოების დიფერენცირების მკვეთრ შეჩერებას,  – ე. წ. ჰიპოფიზური ნანიზმის განვითარებას.

 

როგორია ზრდის ჰორმონის სეკრეციის ფიზიოლოგია - რიტმი, ასაკობრივი თავისებურებანი და სხვა?

ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რა თქმა უნდა, ახასიათებს ასაკობრივი თავისებურებები. ადამიანის ორგანიზმის ზრდაც სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სრულიად სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სხეულის მასა 44X107-ჯერ იმატებს, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ 20-ჯერ. ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე ჩანასახის სიგრძე 3850-ჯერ იზრდება, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ რაღაც 3-4-ჯერ. ემბრიონის ჰიპოფიზურ უჯრედებში ზრდის ჰორმონის განსაზღვრა მუცლადყოფნის მე-6 კვირიდან არის შესაძლებელი. მუცლადყოფნის შუა პერიოდში სომატოტროპინის სეკრეცია ყველაზე ინტენსიურია, დაბადებიდან სიმაღლეში ზრდის დასრულებამდე კი მისი გამომუშავება ცირკადული რიტმით ხდება. ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება. ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ნეირორეგულატორები - ნორეპინეფრინი, დოფამინი და სეროტონინი. სტრესი მის გამოთავისუფლებას თრგუნავს. ზრდის ჰორმონი უმნიშვნელო კონცენტრაციით ცირკულირებს მოზრდილი ადამიანის ორგანიზმშიც, მაგრამ მხოლოდ მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს.

 

 

რა ცვლილებებს აძლევს დასაბამს ზრდის ჰორმონის სიჭარბე და დეფიციტი? რა უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოგვეპაროს?

- ზრდის ჰორმონი ჩონჩხის ზრდასთან ერთად გავლენას ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ ნივთიერებათა ცვლაზეც. კერძოდ, ის ხელს უწყობს ცილების სინთეზს, აძლიერებს ცხიმების დაშლას და ნახშირწყლოვან ცვლას. შესაბამისად, მისი სეკრეციის სიჭარბეს ან დეფიციტს, გარდა ჩონჩხის ზრდის შეფერხებისა ან გაძლიერებისა, ზემოხსენებული მეტაბოლური ეფექტების გაძლიერება ან შემცირებაც სდევს თან. მაგალითად, ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი დეფიციტი ახალშობილობისას ვლინდება მორეციდივე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობით, გახანგრძლივებული სიყვითლით. მოგვიანებით ამას ერთვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება, ძვლოვანი ასაკის საპასპორტო ასაკთან შედარებით ჩამორჩენა, სხეულის მასის სიჭარბე (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინტენსიური განვითარების ხარჯზე).

ნორმალური ფიზიკური განვითარება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამე-ტრია, ამიტომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, სხეულის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლებს მშობლები და პედიატრი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდნენ.                           

   როდის ჩავიტაროთ ტესტი ზრდის ჰორმონზე?

hGH (სომატოტროპინი) – ჰიპოფიზის სომატოტროპული ფუნქციის მარკერი.

  • დაგვიანებული ან დაჩქარებული ზრდა;
  • ოსტეოპოროზი;
  • კუნთების სისუსტე;
  • თმის ზრდის დარღვევა;
  • ჰიპოგლიკემიის ტენდენცია (მათ შორის ალკოჰოლის მიღებისას);
  • ჰიპერგლიკემია;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • პორფირია

 

                                               როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

           ანალიზის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა. სისხლის აღებამდე საჭიროა პაციენტმა დაისვენოს 30 წუთის განმავლობაში.

 

                                                              საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

                                          შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია :

 

სომატოტროპინის დონის მომატება:

  • აკრომეგალია და გიგანტიზმი;
  • შიმშილი, სტრესი, ალკოჰოლიზმი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობები;
  • პორფირია, ჰიპერგლიკემია;
  • ექტოპიური სეკრეცია (კუჭის, პანკრეასის კუნძულების, პარათირეოიდული ჯირკვლების, ფილტვების სიმსივნეები);
  • ჰიპერპიტუიტარიზმი;
  • ლარონის ჯუჯობა;
  • ფიზიკური დატვირთვა.

 

სომატოტროპინის დონის კლება:

  • ჰიპოფიზალური ნანიზმი (ჯუჯობა);
  • ჰიპერკორტიციზმი;
  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი;
  • ძილის ნაკლებობა;
  • იატროგენული ზემოქმედება: რენტგენოთერაპია, ქიმიოთერაპია, ქირურგია;
  • ჰიპერგლიკემიის გამომწვევი ფაქტორები;
  • სიმსუქნე;
  • ნაყოფის ანენცეფალია