რა ასაკიდან იწყება სქესობრივი მომწიფება გოგონებში?

2024-05-24

 რა ასაკიდან იწყება სქესობრივი მომწიფება გოგონებში და  როდიდან ითვლება სქესობრივი მომწიფება ნაადრევად?

სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ დროს ხდება ძვლების და კუნთოვანი მასის სწრაფი ზრდა, იცვლება სხეულის ფორმები და ზომები, ვითარდება სხეულის რეპროდუქციული უნარები. ფიზიოლოგიურად გოგონებში სქესობრივი მომწიფების დაწყების დიაპაზონი მერყეობს 8-13 წლის ფარგლებში.  სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა 8 წლამდე განიხილება ნაადრევ სქესობრივ მომწიფებად. 

რა ნიშნებით ვლინდება გოგონებში სქესობრივი მომწიფება?

გოგონებში პუბერტატის პირველი გარეგანი გამოვლინება არის სარძევე ჯირკვლების ზრდა და ცვლილებები: არეოლების ქვეშ ჯირკვლოვანი ქსოვილის გამკვრივება, არეოლების კონტურის ზრდა, დვრილის გარშემო შეფერილობის შეცვლა. მკერდის ზრდას მოჰყვება თმიანობის გაჩენა ბოქვენსა და მოგვიანებით იღლიის არეში. ბოლოს  კი ვლინდება მენარქე – პირველი მენსტრუალური ციკლი.

გოგონებში სქესობრივი მომწიფების ნიშნების ჩამოყალიბება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?

სარძევე ჯირკვლის გადიდებიდან დაახლოებით 3-6 თვეში იწყება თმიანობის გაჩენა ბოქვენის არეში, რომელსაც მოგვიანებით 1-1,5 წელში მოჰყვება იღლიის გათმიანება. როგორც წესი,  იღლიის გათმიანება წინ უსწრებს მენარქეს.  მომწიფების პერიოდი გრძელდება ორი-ორნახევარი, მაქსიმუმ სამი წელიწადი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს  ნაადრევი სქესობრივი მომწიფება?

ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. 

არსებობს მისი გამომწვევი   რისკ-ფაქტორებია, როგორებიცაა: მდედრობითი სქესი, აფრო-ამერიკული რასა, ჭარბი წონა და სიმსუქნე, სასქესო ჰორმონებით ექსპოზიცია, რაც გულისხმობს კონტაქტს ესტროგენის ან ტესტოსტერონის შემცველ მალამოებთან ან სხვა სუბსტანციებთან. სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად: მაქ-ქუინ ოლბრაითის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერპლაზია, შედარებით იშვიათად იგივე მდგომარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთირეოზმაც.

რადიაციული თერაპია, რომელიც გამოიყენება სიმსივნეების, ლეიკემიების ან სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ზრდის ნაადრევის სქესობრივი მომწიფების განვითარების რისკს.

როდის არის საჭირო ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია? 

თუ 8 წლამდე გოგონას შეამჩნევთ სქესობრივი მომწიფებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა  ენდოკრინოლოგს.   ამ დროს დეტალურად უნდა  შეფასდეს ნამდვილად დაწყებულია თუ არა სქესობრივი განვითარების პროცესი, სქესობრივი მომწიფების რომელ სტადიაზეა ბავშვი, სწორი თანმიმდევრობით მიდის თუ არა პროცესი. ფიზიკალური გასინჯვის შემდეგ, როდესაც უკვე ვიცით ბავშვის სქესობრივი განვითარება რა სტადიაზეა,  ვადარებთ ასაკობრივ ნორმატივებთან. თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვის სქესობრივი განვითარება არ შეეფერება ასაკობრივ ნორმას, დიაგნოზის დასმის და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით, საჭიროა შესაბამისი კვლევების დანიშვნა.

 

                                                                 ბავშვთა ენდოკრინოლოგი - თამთა ვერძაძე